ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ტანგო ირანში

ტანგო ირანში

ამბავი, რომელსაც ახლა მოგითხობთ 2012 წლით თარიღდება.

მე ერთი დედისერთა გოგო ვარ, მარტოსული. დღენიადაგ საკუთარ სულში მეტ სიძლიერეს დავეძებ. ერთ დროს ისიც კი არ ვიცოდი დაცემულ მდგომარეობაში რომ აღმოვჩენილიყავი ფეხზე წამოდგომას როგორ შევძლებდი.

დედა, რომელიც ჩემთვის მფარველი ანგელოზი იყო - დავკარგე. იმ წამიდან მთელმა ბავშობამ კინოფილმის კადრივით ჩემს თვალწინ გადაირბინა.

ეჰ, ვინ  მოთვლის ქუჩის ტალახში თუ მტვერში წაქცეული საყვარელ დედას რამდენჯერ წამოვუყენებივარ ან რამდენჯერ მივუხუტებივარ გულზე აბღავლებული, მაგრამ საკმაოდ წამოზრდილს უიღბლობის და უიმედობის დღეებიც მქონია, განა საშინელი შეგრძნება არაა, როდესაც გრძნობ, რომ ამქვეყნად არავის სჭირდები.

ღარიბ ოჯახში ვცხოვრობდი , ამას ისიც ემატებოდა, რომ მამა რომელიც სხვების ოჯახში სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა , დღენიადაგ სვამდა,ჰქონდა პათოლოგიური სიმთვრალე და უსუსური შვილის თვალწინ დედის ხელყოფასაც არ ერიდებოდა,რის გამოც დედაჩემი ძალზედ ნერვიულობდა.

 ამდენმა დარდმა თუ ყოველდღიურმა დაძაბულობამ მოულოდნელად გამოიწვია ის გარდაუვალი  მდგომარეობა , რასაც გულის შეტევით გამოწვეული სიკვდილი ჰქვია.

ამქვეყნად სრულ სიცარიელეში აღმოვჩნდი. მართალია მამა ისევ მყავდა , მაგრამ ჩემთვის ის აღარაფერს წარმოადგენდა. ან რა დამავიწყებს იმას ,რომ მის გამო არასრულფასოვნების კომპლექსით დასნეულებული საკუთარ ნაჭუჭიდან გამოსვლას კი არ ვცდილობდი, არამედ მომაკვდინებელ დეპრესიამდე მივედი.

დიახ, ასე იყო . ოცი წლის გოგოს სიცოცხლე აღარ მინდოდა, რადგან იმის ნაცვლად, რომ მესწავლა და რაიმე პროფესიას დავუფლებოდი, სკოლის დამთავრების დღიდან თავდაუზოგავად ვშრომობდი.

 რამოდენიმე წელი ჩვენს კორპუსთან ახლომდებარე  ,,კნაუფის ქარხანაში"', სადაც მეზობლის ქალმა დამლაგებლად მომაწყო. დედის ავადმყოფობის გამო სახლთან ახლოს სამსახური სავსებით მაკმაყოფილებდა, თუმცა ყოველდღიურად მიწევდა საშინელი გამონაბოლქვი ჰაერის ჩასუნთქვა, რაც შესაძლოა წლების შემდეგ ჩემს ჯანმრთელობაზე ცუდად ასახულიყო.  რაკი ეს ყველაფერი ვიცოდი მშობლის გარდაცვალების შემდეგ ,უმალ დავტოვე ზემოთაღნიშნული ქარხანა და უკანმოუხედავად წამოვედი.

უკეთესი სამსახურის ძიებაში პრესტიჟულ სასტუმროებს მივადექი. პლიუსი ის მქონდა, რომ სალაპარაკო ინგლისური ვიცოდი , თან ვგრძნობდი გამიმართლებდა.

 არ შემცდარვარ, სამსახური ვიშოვე თბილისის ერთ- ერთ ცნობილ სასტუმროში, რაც იმაზე უფრო შრომატევადი აღმოჩნდა, ვიდრე წარმოვიდგენდი. განსაკუთრებით წვიმიან ამინდებში, რადგანაც ამ დროს უთვალავჯერ მიწევდა იატაკების მოპრიალება. უიღბლობის გამო საკუთარ თავს ყოველდღიურად ვგლოვობდი, მთელ დღეებს ტირილში ვატარებდი, ლამის ცრემლებით ვწმენდდი იატაკებს, ვხეხავდი საპირფარეშოებსაც, რათა თავის სარჩენად ორიოდ თეთრი გამომემუშავებინა. რაც დედამ დაგვტოვა, მამაჩემი კი დარდისაგან სასმელს, არა სინანულის გამო არამედ მარტოობის განცდის გამო კიდევ უფრო მიეძალა. მასთან დალაპარაკებასაც ვერ ვახერხებდი, ხოლო შინ, როდესაც ვბრუნდებოდი ძირითადად ეძინა, მეც დაღლილ- დაქანცული შხაპის შემდეგ, ლოგინზე მივწვებოდი და დედაზე ფიქრში ტკბილად ჩამეძინებოდა ხოლმე.

ჩემი ერთფეროვანი ყოფა ვინ იცის სანამდე გაგრძელდებოდა რომ არა, ერთი გულსაკლავი წყენა, რომელიც სასტუმროს თანამშრომლებისაგან ვიწვნიე.

ერთ საბედისწერო დღეს მძიმე სამუშაოს შესრულებისას წყალი მომწყურდა,რაც მომაფიქრდა ის იყო, რომ იქაურ სამზარეულოს მივადექი და ჭიქა წყალი ვითხოვე:

- წყალი თუ შეიძლება- ერთ- ერთ მზარეულ ქალბატონს მივმართე.

- წყალი არ გვაქვს- მპასუხობს ურეაქციოდ, თან მოშვებულ ონკანთან რაღაცას საქმიანობს.

- გთხოვთ, ძალიან მწყურია- გავუმეორე

- ვერაფრით დაგეხმარებით !-- მომიგო ცივად და კარები ცხვირწინ მომიხურა.

სწორედ ეს გახდა საბაბი ჩემი მოთმინების ამოწურვისა, ყველაფერი ადგილზე დავყარე და დირექტორის კაბინეტს მივაშურე, თავდაპირველად მათ საქციელზე რეაგირება მოვთხოვე, მაგრამ რაკი პასუხად ვერაფერი მივიღე, წასვლაზე განცხადება დავწერე და განაწყენებულმა იქაურობა დავტოვე, რადგან აზრი არ ქონდა იმ სამსახურში დარჩენას, სადაც არაფრად მაგდებდნენ.

გზა და გზა საკუთარ თავზე ვბრაზობდი, მთელი რუსთაველის პროსპექტი ფეხით ავიარე, ბოლოს კი ერთ- ერთ ძელსკამზე დაღლილ- დაქანცული ჩამოვჯექი.

 ხელმეორედ შემომიტია წყურვილმა , ჩანთიდან საფულე ამოვიღე და იქვე კაფეში ლიმონათის დასალევად შევედი.ცივ სასმელთან ერთად ჩემს ცხელ ცრემლებსაც ვყლაპავდი, რადგან იმ უბედურებაზე ვფიქრობდი, რომელიც არ მცილდებოდა. ფიქრებში გართული ირგვლივ ვერავის ვამჩნევდი. და ის იყო , შინ წასვლა დავაპირე რომ , ჩემს წინ ოცდაათიოდე წლის სიმპატიური მამაკაცი აისვეტა.

- სამსახურს ეძებთ? - მეკითხება დამტვრეული ქართულით

- ძალიან მეტყობა ? - შუქი ჩამიდგა თვალებში

- უბრალოდ ასე წარმოვიდგინე, მიმტანად იმუშავებთ?

- დიახ , ვიმუშავებ

- მტკიცედ მივუგე.

- მაშ გავიცნოთ ერთმანეთი, ფერჰარ მასუმი- მამაკაცის გამოწვდილ მარჯვენას , ჩემი სუსტი ხელის მტევანი შევაგებე და მეც გავეცანი.

- მარიცა ხატიაშვილი

- რა ლამაზი სახელია, როგორც მდინარე ედირნეში.- მომიგო მან თუმც ვერაფერი გავიგე რას გულისხმობდა.

- თურქი ბრძანდებით?- ჩავეძიე, რადგან ედირნე მიხსენა

- არა, ირანელი, ქალაქ შირაზიდან, გაგონილი გექნებათ.

- ო, რა თქმა უნდა - სწრაფად მივუგე და ხვალამდე დავემშვიდობე. შემრცხვა ჩემი უცოდინრობის, მთელი გზა კი იმაზე ფიქრში გავატარე, რომ სახლში ერთი წიგნიც კი არ მქონდა წასაკითხად.

იმ წუთიდან გადაწყვეტილება მივიღე, რომ ჩემი ხელფასის ნახევარი შემეცნებითი წიგნების შესაძენად გამომეყო, რათა ამ გზით მაინც გავმხდარიყავი ნაკითხი ადამიანი. მე ხომ ინტერნეტიც კი არასდროს მქონია, შესაბამისად არც წიგნების ელექსტრონული ვერსიები წამიკითხავს ოდესმე, ამიტომაც წიგნის ხელში ჭერას უფრო ვამჯობინებდი, რადგან ეს იგივეა მეგობართან ერთად იყო, მასთან ერთად ტიროდე, იცინოდე და გრძნობებისაგან გადაღლილს ბოლოს წიგნთან ერთად ჩაგეძინოს. განა სულ სხვა არაა მისი სურნელი, მისი სიახლოვე.

არასდროს დამავიწყდება დედის პირველი საჩუქარი გივი ჭიჭინაძის საბავშო ლექსების კრებული იყო, საჩუქრით გახარებული წიგნთან ერთად ვიძინებდი და ვიღვიძებდი. შემეცნებაზე ვფიქრობდი, თუმცა ჯერ ტელეფონიც კი არ გამაჩნდა,მაგრამ მომავალზე ოცნება გავბედე, რადგან ფერჰატთან შეხვედრის შემდეგ ოცნებები რეალური მეჩვენა.

ფიქრებით საკითხავი წიგნების მთელ ტომეულებს მივწვდი, თან ხელში მობილურიც მეჭირა. ამავდროულად ვლოცავდი, იმ ირანელთან შეხვედრის წუთებს, რომელიც განგებამ ჩემს სანუგეშებლად გამოიმეტა.

დილით ჩიტების ჭიკჭიკმა გამომაღვიძა. ოთახში ფარდის მიღმა მზემ ისე ინათა, ჩემსკენ არც კი შემოუხედავს.რაკი ქიზიყის ქუჩაზე, კნაუფის ქარხანასთან ვცხოვრობდი და სამსახურამდე მისაღწევად საკმაოდ დიდ დროს ვანდომებდი, ამიტომაც მერჩივნა საწოლიდან ადრიანად ავმდგარიყავი, ადგომისთანავე წესად მქონდა, საუზმედ  დილას ჩაი დამელია, ამ დროს მაგიდაზე ელაგა , ერბოკვერცხი, ცოტაოდენი ყველი და პური.

მოწესრიგების შემდეგ ნაჩქარევად ვაყოლებდი ლუკმას გაციებულ სასმელს, რომელსაც როგორც ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით ვსვამდი და ისე გამოვდიოდი სახლიდან.

ლამაზი იყო ჩვენი ხუთ სართულიან საცხოვრებლის ეზო, აშოლტილი თუთის ხეებით გარშემორტყმული. კორპუსიდან გამომავალ მობინადრეთ სხვა დასხვა შეფერილობის ყვავილებით დამშვენებული ბილიკი გულს გვიხარებდა. ეზოს სიმდიდრედ ასევე ითვლებოდა წყაროს წყალი , რომელიც მდინარის ქვებით გახლდათ შემორკალული და სხვა დასხვა შეფერილობის ზღვის კენჭებით მოპირკეთებული. ეზოს გარეთ ძელსკამი იდგა, ტრანსპორტის მომლოდინეთათვის. მის გასწვრივ კი ბაბუაწვერას ყვითელი ყვავილები იმზირებოდნენ. მათ ნუგეშს დაბადების შემდგომი ყვავილობა წარმოადგენდა, ხოლო წუხილს- სიბერე და ქარის ხელით გამოწვეული უეცარი სიკვდილი.

ყვავილებს მანანა ბებო უვლიდა. იგი დილიდანვე ეზოში მდგარ მრგვალ მაგიდასთან იჯდა ხოლმე, არასდროს არაფერი გამოეპარებოდა ვინ სად მიდიოდა, ვინ საიდან მოდიოდა. იმ დილასაც მიმავალი რომ დამინახა დამიძახა:

- სამსახურში მიდიხარ მარიცა?

დიახ ბებო, ახალ სამსახურში- მივუგე ხალისიანად.

- ღმერთმა გზა- კვალი დაგილოცოს შვილო, მამაშენზე არ იდარდო , დღეს სადილს, რომ მოვამზადებ მოვიკითხავ- დამაიმედა.

- მადლობელი ვარ, ნუღარ წუხდებით- შევთხოვე მუდარით, რადგან მისი მზრუნველობა უკვე სასოწარკვეთილებაში მაგდებდა.

განა მე არ ვიყავი ვალდებული მარტოხელა მოხუცისათვის ყურადღება მიმექცია? ის კი პირიქით თავად ცდილობდა ჩემს დახმარებას. ამიტომაც მიყვარდა გულისხმიერი მანანა ბებო, რაკი იმ დილასაც შემომეგება ჩავთვალე ,რომ კარგი დღე მექნებოდა.

მარშუტმა რატომღაც დაიგვიანა , მაგრამ ვარკეთილის მეტრომდე მისვლა მაინც დროულად მოვახერხე. იქიდან კი უკვე ყველაფერი მიადვილდებოდა . ფეხით გავუყევი თავისუფლების მოედანს, ჩავუარე ქაშვეთის ეკლესიას, სადაც მიუხედავად დიდი სურვილისა, ვერასდროს შევდიოდი, ამავდროულად ისეთი შეგრძნება მრჩებოდა თითქოს რაღაც ძალა წინ მეღობებოდა და უფლის სახლს მაშორებდა.

სამსახურის კართან მისულს მომღიმარი უფროსი დამხვდა , მან როგორც ველოდი თანამშრომლებთან წარმადგინა, რომლებმაც ჩემი მოვალეობები გამაცნეს და მეც მუშაობას იმ წუთიდანვე შევუდექი.

მართალია ჩემი საქმის გარდა ყურადღებას არავის ვაქცევდი, მაგრამ არ გამომპარვია ფერჰატის დაჟინებული მზერა, რომელიც თითქოს თვალებით მჭამდა თან ჩემი თვალთვალისას  სახეზე ოფლი სდიოდა ისე, რომ სახიდან ცხვირსახოცს ვერ იშორებდა.

რამოდენიმე დღე ვაკვირდებოდი მის უმსგავსო ქცევებს, ბოლოს კი საგონებელში ჩავვარდი, ახალდაწყებული სამსახური როგორ უნდა მიმეტოვებინა.

ერთხელაც ცუდად ყოფნა მოვიმიზეზე, ადრიანად გამოვედი სამსახურიდან.  გზად ჩემი ბავშობის მეგობარ ელენესთან შევიარე საეკლესიო მაღაზიაში, სადაც ის მუშაობდა და მეც სტუმრობისას სულიერ სიმშვიდეს ვიძენდი.

- როგორ ხარ მარიცა?- შესვლისთანავე შემომეგება ელენე.

- არა მიშავს მეგობარო- მოვეხვიე თან იქ დატრიალებული საკმევლის სურნელი შევისუნთქე.

- მოდი , აქ მოდი- გამიღიმა მეგობარმა თან თვალით წიგნებისაკენ მანიშნა

- რას გულისხმობ?

- ახალი ლიტერატურა მივიღეთ.

- რა წიგნებია? - დავინტერესდი

-იოანე ოქროპირის სწავლა დარიგებანი ასევე წმინდა დედათა ცხოვრება.

გამიხარდა ,

გამოწვდილი წიგნები სიხარულით გამოვართვი და ხელჩანთაში მოვათავსე.

ძალიან მომინდა მეგობრისათვის ჩემი ახალი სამსახურის შესახებ მეამბნა, მაგრამ ენა არ მომიბრუნდა.

დამაკომპლექსა იმანაც, რომ თავად სასულიერო მაღაზიაში მუშაობდა მე კი..

 ცოტა ვისაუბრეთ და ის იყო წამოსვლას ვაპირებდი , რომ მაღაზიაში შეშფოთებული გამომეტყველების მამაკაცი შემოვარდა, თან პირდაპირ საკმევლების სექციისაკენ გაექანა, ხუთი შეკვრა ნახშირი აიღო ხოლო საკმევლებიდან: გამჭირვალე ყუთებში მოთავსებული ფიჭვი, იასამანი და ოქროს ბურთულები შეარჩია. ჩვენსკენ არც გამოუხედავს, ისე წიგნების განყოფილებისაკენ გადაინაცვლა.

ვაკვირდებოდი: ხელში როგორ იღებდა თითეულ ბროშურას და ნერვიულად ფურცლავდა, ზოგს უკან აბრუნებდა , ზოგსაც თავისთვის იტოვებდა.

- ხომ არ დაგეხმაროთ?- თავაზიანად მიმართა ელენემ.

- არა, არა არ მინდა არანაირი დახმარება- აყვირდა მოულოდნელად- მე თვითონ , მე თვითონ- ბუტბუტებდა თავისთვის და წიგნებს თავს არ ანებებდა.

 თანაგრძნობით ვუმზერდი უცნობს , რადგან ეტყობოდა მთლად რიგზე ვერ უნდა ყოფილიყო. ბოლოს თავის რჩეულ ბროშურებს თავი მოუყარა და ელენეს სალაროსთან დაულაგა.

წიგნების დათვალიერების შემდეგ ჩემმა მეგობარმა უცნობს მიმართა:-

- ეს ორი, ერთი და იგივეა

- ნუთუ?- მან ეჭვისთვალით შეხედა ჯერ ბროშურებს მერე ჩემს მეგობარს და მის სიმართლეში როდესაც დარწმუნდა თავში მუშტები წაიშინა,მერე კი დაჭრილ ცხოველივით აბღავლებულმა სახე ხელებში დამალა.

- რა გატირებთ?- დამშვიდებას შევეცადეთ, მან კი გული გადაგვიშალა .

-სულ ახლახანს- წყვეტილ- წყვეტილ აკინძა სათქმელი - ავღანეთის ომიდან დავბრუნდი, სადაც ფულის გამო ჩემივე ნებით წავედი. მას შემდეგ იმხელა ტკივილს ვზიდავ მხრებით, რომ წელში გასწორების საშუალება არ მეძლევა.

ვერც საცოლესთან შევძელი მისვლა, რომ მეთქვა ჩამოვედი მეთქი, არადა მისი ბედნიერებისათვის გადავდგი ეს ნაბიჯი.

იგი ცოტა ხანს შეჩერდა.

კედელზე ერთ წერტილს მიაშტერდა და თვალდახუჭულმა განაგრძო თხრობა;

 -ახლაც ჩამესმის ტყვიების ზუზუნი,ადამიანთა გვამების სუნი ამის ფონზე კი საყვარელი გოგოს ხატება, რომელიც საშინელ დღეებში მაძლებინებდა. ასევე მისი ცხვირსახოცის სურნელი სულ თან რომ დამქონდა.. ჩემი ნუგეში დამშვიდობებისას შემთხვევით , რომ გამოვიყოლე. მთელი ამ ხნის განმავლობაში სულ მეგონა, რომ მას ვეღარასოდეს ვნახავდი, თან ეს უცნაური ტანჯვა უფრო და უფრო ორკეცდებოდა.

მაინც გადავრჩი , ნეტავ მოვმკვდარიყავი , მე ხომ ჩემს სიყვარულს ტყვიებით მოკლული ადამიანების  საფასური ჩამოვუტანე, რომელიც რომც ვეცადოთ მაინც არ გაგვახარებს.

- გთხოვთ დამშვიდდეთ- აღმომხდა უეცრად, თუმცა მეტი ვერაფრით ვანუგეშე.

- ბოლოს და ბოლოს შემიძლია მივიდე მასთან,ქორწილიც დავგეგმოთ, მაგრამ ვერა, არაფერი გამომდის-

აქ, ისე შეისვენა , ტირილი არ შეუწყვიტავს.

-მე სულ სხვა ადამიანი დავბრუნდი იმ დაწყევლილი ადგილიდან.

-მკვლელი ვარ მკვლელი - მამკაცმა ხელი იტაცა თავის პერანგის საყელოზე, თითქოს ტანზე შემოხევას ლამომსო ,რომ ისევ მძიმე პაუზამ დაისადგურა.

- ამიტომაც არ მაქვს ოჯახის შექმნის უფლება მით უფრო ბედნიერების - თქვა და იქვე იატაკზე დაემხო.

 ერთ ადგილას გახევებული ვიდექი და პირველად ვხედავდი აბღავლებულ ადამიანს, რომელსაც საკუთარი სინდისი ამათრახებდა.

ის ისეთი გულწრფელი ჩანდა, ისეთი განსხვავებული, ადამიანს მისი გულში ჩაკვრა მოუნდებოდა, თუმცა რაკი ვერაფერი შევძელით ელენემ მას ყველაფერი უფასოდ გაატანა.  ეს ცხოვრებისეული კადრი კი, რომელიც კინოფილმისას უფრო გავდა, ვიდრე ჩემს თვალწინ მომხდარ ამბავს, უთუოდ დიდხანს გამყვება მოსაგონებად .

თავად ნუგეშისათვის მისულს სული უფრო დიდი მწუხარებით ამევსო. ამის ფონზე ჩავთვალე რომ ჩემი მცირედი პრობლემები სხვის უბედურებადთან შედარებით ზღვაში წვეთი იყო და ამიტომაც დუმილი ვამჯობინე.

თვალებციმციმა გოგო იყო ელენე, სათნო ეკლესიური ცხოვრებით ცხოვრობდა.  შესაბამისად ყავდა მოძღვარი მამა გიორგი. ელენეს ცხოვრება სრულებით არ გავდა ჩემსას, სულიერი მამის კურთხევის გარეშე არაფერს წყვეტდა და არც არაფერს აკეთებდა.

მართლაც უცნაური ყოფილა ცხოვრება, ერთ გზაზე ნარბენი ორი ყრმობის მეგობარი სხვა დასხვა გზას რომ ირჩევს.

ფეხით ავუყევი ჩემი კორპუსისაკენ  მიმავალ ბილიკს, ეს ჩვევად მქონდა , რაკი ვიცოდი, რომ ჩემი ნაცნობი ეტლს მიჯაჭვული ბებო მელოდა თუ როდის ვიყიდდი მისგან მაკნატუნას, თავად ასე ეძახდა მზესუმზირას.

მიუხედავად იმისა ,რომ დიდად არ მიყვარდა , მისთვის გვერდი არასდროს ამივლია.

-კარგი მოხალულია ?- ვითომ ნერწყვის ყლაპვით ვეკითხებოდი ხოლმე

-დილანდელია შვილო, აბა გასინჯე, მარილიც კარგად ვუყავი- დაიკვეხნიდა ღიმილით

- სამი ლარის მომეცი- ვპასუხობდი მეც, რადგან მის თვალებში ჩამდგარი სიხარული მეხილა.

მზესუმზირას ჭიქიდან ერთჯერად პარკში მიყრიდა თან ნახევარი ჭიქით ზედმეტს მოაყოლებდა, ამით კმაყოფილს სახეზე ბედნიერების ღიმილი დასთამაშებდა. მეც მეტი რა მინდოდა, საკუთარი ქცევით აღფრთოვანებული ვემშვიდობებოდი და შინისაკენ გავრბოდი.

მერე ეს მზესუმზირა ჩანთით დამქონდა რომ გზადაგზა მტრედებისათვის დამეყარა.

მომდევნო დღეს სამსახურში მისვლას არ ვჩქარობდი,ნელი სვლით მივუყვებოდი პროსპექტს. კაფესთან მიახლოვებულმა ქუჩაში მდგარი უფროსი შევნიშნე, ვიღაც უცხოელს ინგლისურად ესაუბრებოდა ბიზნესის საკითხებზე, ისე მივესალმე რომ მისთვის თვალებში არ შემიხედავს, მაგრამ ვიტრინის ანარეკლიდან ფერჰატის ჩემდამი მომართული მზერა შევნიშნე.  გულმა გამალებით დამიწყო ცემა, აღარ ვიცოდი რა მეფიქრა, ამავდროულად სიამის ტალღებმა ლამის წამლეკეს.  საქმეს გულდასმით ვერ მოვეკიდე, ხან ლამბაქი გამიტყდა, ხანაც ყავა დამექცა მაგიდაზე, ეტყობოდა მათ თვალს არ გამორჩენია ჩემი მღელვარება, რადგან რამდენჯერაც ჩამიარა იმდენჯერ ჩაეღიმა თავისთვის.

ასე მეგონა საკუთარ ,, მეს" ვკარგავდი, ამ გადამთიელზე ფიქრით, რომელიც არც ქრისტიანულ რელიგიას, მით უფრო არც ჩემს სამშობლოს არ მიეკუთვნებოდა, თუმცა გულს ვერაფერი მოვუხერხე. რის ვაი ვაგლახით მოვრჩი იმ დღეს სამსახურს და მუხლების კანკალით სახლისაკენ გამოვეშურე.

მეტროს ეკსკალატორზე როგორც ფეხი შევდგი , ცოტა ხანი დავმშვიდდი . გვირაბიდან გამონაქროლმა ქარისმაგვარმა ტალღებმა ოდნავ გამომაფხიზლეს. მეტროდან ამოსულმა სახლისაკენ მიმავალი მარშრუტი ვერსად ვიპოვე, ამიტომაც ფეხით ვარჩიე გავლა, არადა საკმაოდ მოსაღამოვებულიყო . აღელვებული მივაბიჯებდი რუხ მგლისფრად შესუდრულ ქუჩებში. აღარ ცხელოდა, რადგან მცხუნვარე აგვისტოს თვე უბოდიშოდ გვიხურავდა სარკმელს.

ღამის სიჩუმეში ძაღლის ყეფამ შემაშფოთა.

თითქოს ჩემსკენ მომავალი სწრაფი ფეხის ნაბიჯების ხმაც ვისმინე, თავდაცვის ინსტიქტებმა მაიძულეს უფრი სწრაფად მევლო, მოულოდნელად ვიღაც მკლავზე მხურვალე მარჯვენით შემეხო. ერთი კი შევკივლე, თუმცა მალევე ლამპიონების შუქზე ფერჰატი შევიცანი , რამაც ძლიერ გამაოცა

- თქვენ?- ვეკითხები

- ჰო, მე ვარ!- ურცხვად მომიგო და ხელი მიშვა.

- რატომ მომყვებით?-

- ნუთუ ვერ ხვდები?- ჩაეცინა რატომღაც

- იქნებ მითხრათ,

მართალია დღეს ლამბაქი გამიტყდა, მაპატიეთ შეგიძლიათ ხელფასიდან დამიქვითოთ- მივუგე დარცხვენილმა.

- რას ამბობ? რა ლამბაქი, ეგ რაში მადარდებს მარიცა- მან ისე ნაზად წარმოთქვა ჩემი სახელი- გული სიხარულით ამევსო.

- მაშ?- ძლივსგასაგონად დავეკითხე, თან ზუსტად ვგრძნობდი რაც უნდა ეთქვა.

- იცი ძვირფასო- გამითამამდა, ჩემი ხელი თავის მუჭში მოიმწყვდია და გულის გადაშლას შეეცადა:

-რაც შენ გიხილე მოსვენება დავკარგე, ისეთი ლამაზი ხარ, ისეთი ჰაეროვანი, შენი თმები შავი ზღვის ტალღებს მაგონებს, თვალები კი გაზაფხულზე გამოცოცხლებულ ტყისფერ ბუნებას,ხოლო შენი ტანი გიტარის ჩამოქნილ სილუეტს, ამიტომაც დაიპყარი ჩემი გული.- ერთი ამოსუნთქვით ამოთქვა მამაკაცმა თან აღელვებულმა ჩემსკენ წამოიწია.

- არ მომეკაროთ!- უკან დავიხიე

- არაფერს დაგიშავებ, ჩემი ცხოვრების ქალი მინდა რომ გახდე, მხოლოდ მე მეკუთვნოდე- სხაპასხუპით მომიგო მან და თვალებში მტაცებელი ფრინველივით ჩამაფრინდა.

თავხედი , ამავდროულად ველური გამოხედვის იყო ფერჰატი, მის მამაკაცურ მიმზიდველობას თან ერთვოდა სპორტული აღნაგობაც.

შავგვრემან მამაკაცს კუპრივით შავი თმა და მუქი ყავისფერი თვალები ქონდა, მაღალი შუბლი მის გონიერებაზე, ხოლო სწორი ცხვირი მოგრძო პირსახეზე მისსავე თავდაჯერებულ ხასიათს უსვამდა ხაზს.

ამ ყველაფერმა, მით უფრო ფერჰატის სიახლოვემ აღფრთოვანებაში მომიყვანა, მიზიდავდა თუმცა უკან ვიხევდი, მაშინებდა, მაგრამ ვერ გავურბოდი.

- არ მომეკარო- ჯიუტად ვიმეორებდი,

თუმცა ადგილიდან არც კი ვიძროდი.

უარის მოსმენამ უფრო და უფრო გაახელა იგი, რადგან მის თავდაჯერებულობას ცუდად შეეხნენ.

თითქოსდა თვალთ დაუბნელდაო, თავისაკენ მიმიზიდა ათრთოლებულმა, ღმერთო ის სულ ახლოს იდგა, მე მის გულისცემას ვისმენდი, თითქოს ,,საკუთარ გულისფეთქვით" მესაუბრებოდა.

მისსავე ცხელ ტუჩებს ყურის ბიბილოსთან ვგრძნობდი, რომელიც ურცხვად ცდილობდა ჩემს დაყოლიებას, მეც მეგონა ,რომ ენით აუწერელი სასიყვარულო სიტყვები საგანგებოდ იქმნებოდა ჩემთვის.

მან ულამაზესი ლექსის კუპლეტით ამიხსნა სიყვარულის არსი, რომელიც ქართველი პოეტისა არ უნდა ყოფილიყო:

 ,,ისე მწყუროდი, ისე მსურდა ალერსი შენი,

და ეს ბაგენი იაგუნდის ნათელის მჩენი,

                მეტი რა გითხრა, დამიბრუნდი , ო,  დამიბრუნდი.

              თორემ ლოდინმა მომისწრაფა სიცოცხლის დღენი".

- თქვა და თითქოს გულიც თან ამოაყოლაო,

ოსტატურად ხელების მოძრაობით, თითქოს  საკრავზე უკრავსო, ჩამოშლილ თმებში თითები შემიცურა და ჩემდა მოულოდნელად გულზე მიმიკრა.

ამ ცხოვრებისაგან მარტვილი თავდაპირველად ბავშვივით მივენდე, მაგრამ მივხვდი, რომ ასე არ ივარგებდა და თავი გავინთავისუფლე მისი სასიყვარულო მარწუხებისაგან.

- ლამაზი ლექსია, ვისია?- თავი მოვიკატუნე, თითქოს მხოლოდ ლექსის წარმომავლობით დავინტერესდი.

- დიდი სპარსი პოეტის, ჩემი ქალაქიდან.

იცი, შირაზის უნივერსიტეტის ეზოში ულამაზესი ერემის ბარია,ბაღის ეზოში შენობაა, შენობის პავილიონში ვაწყდებით დიდი პოეტების საადისა და ჰაფეზის დაწერილ სასიყვარულო ლექსებს, რომელიც გამოფენილია შეყვარებულთა წასაკითხად, უსათუოდ წაგიყვან იქ და ჩვენ ერთად ვიხილავთ ამ ყველაფერს

რატომღაც გამაღიზიანებელი შეიქმნა მისი თავდაჯერებულობა, ნეტავ რად ფიქრობდა, რომ გაყოლაზე დავთანხმდებოდი?!

- მე რომ თანხმობა არ მომიცია?- ვეკითხები, მას კი რატომღაც ჩაეცინა და ჯიქურ მომმართა:

- გახდები ჩემი მეუღლე?

- იცი, მე ქრისტიანი ვარ, ჯვარს ვატარებ,გულით ქრისტეს რჯულს, რომელიც მზესავით მათბობს, როგორ შევძლო ამ სითბოსა და სინათლის დათმობა?!

- არა , ჩემო გოგოვ , რჯულის შეცვლა ნებაყოფლობითია, თუ არ გენდომება არც არაფერი- დამაიმედა მან.

უკვე მეც თვალებში ვუმზერდი გაბედული იერით, მისი სიტყვები სარწმუნოდ მეჩვენებოდა, მჯეროდა იმისიც, რომ ფერჰატი უკიდეგანო ბედნიერებისაკენ მიტაცებდა.

მხოლოდ ერთი რამ ვერ გამეგო საკუთარი თავისა, რამდენადაც მიზიდავდა, იმდენადვე მაშინებდა მისი სიახლოვე.

იმ ღამით არაფერი მითქვამს, არც იმედით დამიპურებია, ვერც უარი შევბედე, უბრალოდ დაღლილობა მოვიმიზეზე და ხვალამდე გამოვემშვიდობე კავალერს.

 ცხოვრებისაგან დაიმედებული შევედი ჩემს სიხარულისგან მივიწყებულ ბინაში, სადაც საინტერესო არაფერი ხდებოდა.

მამაჩემისათვის თვალი არ მომიკრავს ისე მივწექი დასაძინებლად  და ზღაპრულ ცხოვრებაზე დავიწყე ფიქრი.

მეორე დილას ვეღარც კი გავიხსენე როგორ ჩამეძინა, მეგონა მეღვიძა..

ძილღვიძილში მთელი ღამე ფერჰატი დამსდევდა, მე გავურბოდი ის კი ჩემს დაჭერას ლამობდა. უცნაური ის იყო, რომ დილას ფეხის კუნთებიც კი მტკიოდა, თითქოს სირბილმა დამღალაო, ისეთი შეგრძნება დამიტოვა.

 როგორც კი სამსახური მომაგონდა, ლოგინიდან მაშინათვე წამოვხტი, სწრაფად ჩავიცვი და სახლის კარი გამოვიხურე.გზაზე კი არ მივდიოდი, მივრბოდი, ფერჰატთან შეხვედრის სურვილი გაორმაგებოლად მაწვებოდა გულზე.

რატომღაც წარმოვიდგინე, რომ ისიც სულმოუთქმელად მელოდა, არ შევმცდარვარ ბარის კარებთან დამხვდა მომღიმარი მზერით.

- გელოდებოდი, წამო ჩემთან- და ხელით თავის კაბინეტისაკენ მანიშნა.

 დავემორჩილე, თუმცა კი ვგრძნობდი ჩემივე ნების წინააღმდეგ მივდიოდი,

საკუთარ თავს იმაშიც გამოვუტყდი, რომ მუსლიმან მამაკაცზე შეყვარებული ვიყავი, რასაც ცხოვრებაში ვერასდროს წარმოვიდგენდი.

- მთელი ღამე ვერ დავიძინე- მიყვებოდა ფერჰატი-შენს სილამაზეზე ვფიქრობდი, რა მოვუხერხო.

-არ მინდა სხვებიც გიმზერდნენ რადგან საშინლად ეჭვიანი ვარ.

 სულ უფრო და უფრო ამაღელვა მისმა სიტყვებმა, ტანში საამო ჟრუანტელი მივლიდა.

მომეჩვენა ,რომ სავსებით ადვილი ყოფილა ბედნიერების მწვერვალამდე ასვლა, იმ წუთას დაცემის საფრთხეზე არ ვფიქრობდი, მხოლოდ მწვერვალზე ფიქრი მაბედნიერებდა.

მამაკაცი დროს არ კარგავდა , ცდილობდა თავისაკენ მივეზიდე და ჩემთვის თავბრუ დაეხვია.

როდესაც გადაწყვიტა, რომ წინააღმდეგობას ვერ გავუწევდი, საჩვენებელი თითით ტუჩებზე შემეხო და მოულოდნელად, ბადაგივით შესვა ჯერაც შეუსმელი ნაჟური.

ვეღარ ვუძალიანდებოდი, ვერც ვერაფერს ვახერხებდი მის წინაარმდეგ.

გული რომ იჯერა, სველი ტუჩები ყურთან მომადო და უნეტარესი ხმით მიჩურჩულა:

- მე შენს მშვენებას ჩადრში დავმალავ მზეთუნახავო.

მართლაც რა რომანტიკული იყო ეს ყველაფერი, ისეთი საამო ,რომ მისი ცოლობა სანატრელი გამიხდა.

- თანახმა ვარ- მივუგე დაუფიქრებლად და თავი გულმკერდზე მივადე , ის თავის მხრიდან მომეხვია , თუმცა სამუშაოს დაუბრუნდიო- შემახსენა.

გამიკვირდა, მაგრამ არაფერი მითქვამს,უხმოდ გამოვედი მისი კაბინეტიდან, მცირედ დარცხვენილი, ლოყებშეფაკლული და რაც მთავარია მასზე თავდავიწყებით შეყვარებული.

საბედნიეროდ თანამშრომლებიდან ჯერ არავინ იყო მოსული, მეც ვისარგებლე შემთხვევით და გონზე მოსასვლელად ყავა მოვიდუღე.

- ნეტა დღესაც თუ გამაცილებს?- ყავას ვსვამდი თან იმედის მომცემ სიხარულს ვებღაუჭებოდი, რომელიც ჩემს არსებაში ხან ბედნიერების სახით წყალუხვ მდინარესავით იზრდებოდა ხანაც დამშრალ წყაროსავით პატარავდებოდა.

 როდესაც სამსახურში ყველანი მოვიდნენ,კაბინეტიდან გამოსულმა ფერჰატმა გვერდი ისე ჩამიარა,ჩემსკენ არც შემოუხედავს, არ მესიამოვნა, რადგან მეგონა რომ ყველას თვალწინ საცოლედ გამომაცხადებდა.თვალის უპეებზე მომდგარი ცრემლები მალულად შევიმშრალე თან საქმის კეთება განვაგრძე.